ატენში „რთველი 2016“ გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში „რთველი 2016“ გაიმართა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა იუწყება, ქართული ხალხური მუსიკისა და ცეკვის ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პოლონელ სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად, ყურძენი მოკრიფეს და დაწურეს.

ღონისძიება ატენში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მას ადგილობრივებთან ერთად, პოლონეთის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, დელეგაციას პოლონეთის ექს პრემიერი კაჟიმიეჟ მარჩინკიევიჩი ხელმძღვანელობდა, რთველში მონაწილეობა საფრანგეთისა და ბრაზილიის საელჩოების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ატენში გაფორმდა მემორანდუმები გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ელკის რაიონს (პოლონეთი), ასევე გოლდაპის მუნიციპალიტეტს (პოლონეთი) შორის. წინასამემორანდუმე შეთანხმებას მოეწერა ხელი გორის მუნიციპალიტეტსა და რაჩიეჰოვიცას, გრიფინოსა და პიშის მუნიციპალიტეტებს (პოლონეთი) შორის. მემორანდუმები საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მიზნად ისახავს თვითმართველობის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობას. თანამშრომლობის ფარგლებში ხელი შეეწყობა ქართულ-პოლონურ ურთიერთობების გამყარებას, კულტურული და ეროვნული ღირებულებების ურთიერთგაცნობას. მოხდება გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, განათლება, სპორტი, ტურიზმი.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე დაგეგმილია გაცვლითი პროგრამები გორის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთში მცხოვრები ბავშვების, ტურიზმის განვითარების მიზნით განხორციელდება ბიზნეს პროექტებიც, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.