სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში შესაძლოა სასტუმრო "ჰილტონი" აშენდეს

კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

ამ ეტაპზე კონკრეტულად უცნობია, რომელი ბრენდის სასტუმრო განთავსდება აღნიშნულ შენობაში, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს მსოფლიო ბრენდი ”ჰილტონი” იქნება.

როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 3 წლის ვადაში კომპანია „გრანატმა" უნდა განახორციელოს. სააგენტოს ცნობით, სასტუმრო არანაკლებ 120-ნომრიანი უნდა იყოს და მასში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში "ინტერკონტინენტალის" ბრენდით სასტუმროს „ჯორჯიან ფროფერთი" აშენებდა. ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს მშენებლობა 2008 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ინვესტორის მხრიდან პირობის რამდენჯერმე დარღვევის გამო ხელშეკრულებაც გადაიხედა.

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს კომპანია „ჯორჯიან ფროფერთის" ნაცვლად, კომპანია ”გრანატი” ააშენებს.

შპს „გრანატი" 2014 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნდა. კომპანიის 50% უზბეკეთის მოქალაქეს შომუროდ ილიასოვს ეკუთვნის, 25% -25%-ს კი მერაბ ჩიხრაძე და „ჯი ეს ეი ინვესტი" ფლობს, რომელის 100%-იანი წილი დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის.