მაგისტრალური გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გაზის მიწოდება შეუწყდათ

"წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის" მაგისტრალური გაზსადენის (ახალქალაქის) D-300მმ პოლიეთილენის გაზსადენი მიწის საექსკავაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა, რის შედეგადაც აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენი ავარიულ რეჟიმში გადაიკეტა.

როგორც შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია იუწყება, შექმნილი მდგომარეობის გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. მათივე ინფორმაციით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყო.

„პრობლემა აღმოიფხვრება 25 ოქტომბერს, შუადღემდე და, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გაზი შეუფერხებლად მიეწოდებათ. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.