ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკავშირის საბჭოს 15 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების 2017 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივების თაობაზე, შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

ევროკავშირის საბჭომ გასულ თვეს, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ქმედებების გამო, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს“.