მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა

24 ოქტომბრიდან მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  იუწყება, ქართული მარკები 6 თემატიკას მოიცავს.

ახალი მარკები, პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შესაბამისი ბრძანებით გამოიცა. საფოსტო მარკები რამდენიმე თემას აერთიანებს, ესენია - „ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 წელი, რიო დე ჟანეირო“; ეკოლოგია ევროპაში; საქართველოს ფაუნა და „ქართული ზღაპრების პერსონაჟები“.

მიმოქცევაში გაშვებულ მარკებს შორის, წელს, 9-15 მაისს თბილისში ჩატარებული ევროპული კვირეულისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკაცაა.

ახალი საფოსტო მარკების შეძენა შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვის ცენტრებშია შესაძლებელი.

ეკონომიკის სამინისტრო მარკების დასახელებებთან ერთად, ფოტოებს ავრცელებს. ესენია: ”საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი”; საქართველოს ფაუნა - „ულვაშა წიწკანა“, „წითელმუცელა ბოლოცეცხლა“, „ჯიქი“; „ქართული ზღაპრების პერსონაჟები“ - „კომბლე“, „რწყილი და ჭიანჭველა“; „ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 წელი, რიო დე ჟანეირო“; „იფიქრე მწვანედ“ - ევროპა 2016 ეკოლოგია ევროპაში; „ევროკავშირთან ერთად“;