მარტიდან საქართველოში მანდარინის წვენის წარმოება დაიწყება

საკონსერვო საწარმო ”Giam group” 2017 წლის მარტიდან მანდარინის წვენის წარმოებას გეგმავს. კომპანიის დირექტორის რევაზ გოგიტიძის განცხადებით, პროდუქცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზეც გაიყიდება.

”კონცენტრირებულ წვენს ვაკეთებთ. მარტის თვეში უკვე დავიწყებთ მანდარინის წვენების წარმოებას. მოთხოვნა გვაქვს იაპონიიდან და ისრაელიდან. ასევე ვფიქრობთ, რომ რუსეთში, ბელორუსსა და უკრაინაშიც გავიტანთ”, - განაცხადა რევაზ გოგიტიძემ.

როგორც ”Giam group”-ის დირექტორი ამბობს, კომპანია ციტრუსის გარდა ნებისმიერი კონცენტრირებული წვენის დამზადებას შეძლებს. ”პირველ ეტაზე, საბაზისო იქნება მანდარინი, მას ფორთოხალთან და ლიმონთან გავუკეთებთ კუბაჟირებას, შესაბამისად ცალკე გვექნება ციტრუსის ხაზი. ჩვენ ნებისმიერი არასტანდარტული ნაყოფის მიღება და კონცენტრატის გაკეთება შეგვიძლია. იმ რაოდენობით არა, რასაც ციტრუსს ვღებულობთ. არ გამოვრიცხავთ წვენები იმ ხილისგანაც დავამზადოთ, რომლებიც საქართველოში არ მოდის, მაგალითად, ანანასისგან ან ბანანისგან, ამ შემთხვევაში კონცენტრატის უცხოეთიდან შემოტანა დაგვჭირდება”, - ამბობს ”Giam group”-ის დირექტორი რევაზ გოგიტიძე.

საწარმოს დირექტორის თქმით, ნედლეულის 100% ადგილობრივი იქნება. ”დამოკიდებული ვართ იმაზე, იქნება თუ არა სუბსიდია არასტანდარტულ ნაყოფზე. თუ იქნება სუბსიდია, აჭარა-გურიის რეგიონს ამოვწურავთ. თუ სუბსიდირება არ მოხდება, მუშაობა გაგვიჭირდება”, - განაცხადა რევაზ გოგიტიძემ.

”Giam group” 2011 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ხილისა და კონცენტრირებული წვენების წარმოებაა. საწარმოს მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიცია 6 მილიონ დოლარს აჭარბებს.

თათია ახვლედიანი