ტურიზმის ადმინისტრაციამ ბერლინში, მიუნხენსა და მილანში Wizzair-ის პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით ღონისძიებები გამართა

ქუთაისიდან 7 ახალი ავიარეისის დანიშვნასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებში აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია იუწყება, ადმინისტრაციამ ავიაკომპანია Wizzair-თან ერთად, ბერლინსა და მიუნხენში ღონისძიებები ჩაატარა.

15-20 წუთიანი პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც 40-ზე მეტი გავლენიანი ტუროპერატორი დაესწრო, პრეზენტაციას ასევე გერმანიის მაღალრეიტინგული ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის Reise Gala, VIP Reise Magazin, Neues Deutschland, BurdaLife.

”პრეზენტაციის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებაა”, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

23 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizzair-მ ქუთაისიდან ბერლინის, დორტმუნდის, მემინგენის, (მიუნხენი) ლარნაკას, მილანის, სოფიასა და სალონიკის მიმართულებით ახალი პირდაპირი ავიარეისები დანიშნა.