გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკი აშენდება

სს ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სნგკ), ხვალ, გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაცია იუწყება, პროექტის განხორციელების მიზნით, გარდაბანში სიმბოლურად ჩაიდება კაფსულა და გაკეთდება ფილა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, შპს “ გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები და ჩინელი სტუმრები.

როგორც კორპორაციაში განმარტავენ, 29 სექტემბერს, სნგკ-ს შვილობილ შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-სა და „China Tianchen Engineering Corporation (TCC)“-ს შორის, გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის (Engineering Procurement Construction) ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ასევე, ხელი მოეწერა გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების (იმპლემენტაციის) ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.

”დაგეგმილ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგოსექტორის მდგრადობისთვის და წარმატებული განვითარებისთვის.

China Tianchen Engineering Corporation (TCC) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროს ნავთობის და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელობა განეკუთვნება. კომპანია ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე, აქტიურად არის ჩართული ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ლოჯისტიკაში და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქტივებს სს „საპარტნიორო ფონდი" განკარგავს. სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მინიჭებული აქვს BB- საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი”, - ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.