“საქართველოს ბანკმა” ვაჭრობის დასაფინანსებლად 50 მლნ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

“საქართველოს ბანკმა” ვაჭრობის დასაფინანსებლად 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

„საქართველოს ბანკმა“ 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის („კლუბის დაფინანსება“) მისაღებად ვაჭრობის დაფინანსებისთვის ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული რესურსის გამოყოფა ორგანიზებულ იქნა Citi-ის მიერ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, რომელიც დაფინანსებაში მონაწილეობს და თავისი გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (GTFP) მეშვეობით ნაწილობრივ საგარანტიო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ეს „საქართველოს ბანკისთვის“ კლუბის მესამე დაფინანსებაა, რომელიც Citi-ს მიერ იქნა ორგანიზებული რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორის მოზიდვით სინდიკაციის პროცესში. როგორც ბანკში აცხადებენ, კლუბის წლევანდელი დაფინანსება ხელს შეუწყობს იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციების განხორციელებას „საქართველოს ბანკის“ ძირითადი კორპორაციული კლიენტებისთვის, გაზრდის სავაჭრო ტრანზაქციების მოცულობას და ღირებულებას საქართველოს ეკონომიკის ძირითად დარგებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტის სფეროსა და ენერგეტიკაში. კლუბის დაფინანსება „საქართველოს ბანკმა“ პირველად 2014 წელს მიიღო, რომელიც ასევე ორგანიზებული იყო Citi-ის მიერ IFC-ის სავაჭრო გარანტიის მხარდაჭერით.

„საქართველოს ბანკი, როგორც ვაჭრობის დაფინანსების წამყვანი პროვაიდერი ქვეყანაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი კლიენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტების მიწოდებას. ახალი დაფინანსება კიდევ უფრო გააძლიერებს „საქართველოს ბანკის“ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სეგმენტში და დაგვეხმარება ჩვენი კორპორაციული კლიენტურის ბაზის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებთან მუშაობის საშუალება. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო Citi -სა და IFC-ს მათი უწყვეტი წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

Citi-ს სადისტრიბუციო, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტების მიმართულების უფროსმა ანურაგ ჩოდჰარიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ Citi მტკიცედ უჭერს მხარს ვაჭრობის ნაკადის გაძლიერებას და მის დაფინანსებას მსოფლიოს მასშტაბით, ის ასევე ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს გლობალურ ვაჭრობაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში.

„Citi-ს აქვს უნიკალური უნარი გააერთიანოს ბაზრის ბევრი მოთამაშე - კლიენტები, პარტნიორი ბანკები და მულტილატერალური სააგენტოები ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი სავაჭრო გადაწყვეტების შესამუშავებლად. ამ კონცეფციის გათვალისწინებით ჩვენ მივაწოდეთ იდეალური გადაწყვეტა „საქართველოს ბანკს“, „კლუბის“ სტრუქტურის მეშვეობით ვაჭრობის დასაფინანსებლად მზარდი თანხების მოზიდვის მიზნით,“ - განაცხადა ანურაგ ჩოდჰარიმ.

„საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რამდენადაც ქვეყანა რეგიონის მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს. Citi-ს და IFC-ის ფინანსური რესურსი „საქართველოს ბანკის“ მიერ ვაჭრობის დაფინანსებას შეუწყობს ხელს. ეს ბანკი ქვეყანაში წამყვანი ინსტიტუტია ვაჭრობის დაფინანსებაში და ხელს შეუწყობს ძირითადი სასაქონლო ოპერაციების მომსახურებას და უცხოური ვალუტის გენერაციას. IFC-ი დადებითად აფასებს საქართველოს ბანკთან გრძელვადიან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით და მიესალმება ამ ბოლო ტრანზაქციას, რომელიც IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის საშუალებით განხორციელდა”, - განაცხადა IFC-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის დირექტორმა მარკოს ბრუჯისმა.