აშშ-ში ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდები მამაკაცების საპირფარეშოებშიც დამონტაჟდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა აქტს, რომლის მიხედვითაც ბავშვის საფენის გამოსაცვლელი მაგიდები ყველა სახელმწიფო შენობის ქალებისა და მამაკაცების საპირფარეშოებში დამონტაჟდება.

საპირფარეშოებში, სადაც ასეთი აღჭურვილობა არ იქნება, შესაბამისად აღჭურვილი უახლოესი პუნქტის შესახებ იქნება მითითება. "სიენენის" ცნობით, კანონი კერძო დაწესებულებებს მსგავს ვალდებულებას არ აკისრებს.

კანონის ინიციატორის დევიდ სისლინის განმარტებით, სიახლე ორი მიმართულებით არის აღსანიშნავი. ერთი მხრივ, ბავშვის უსაფრთხოება უკეთესად იქნება დაცული. მეორე მხრივ კი, ეს ოჯახში უფრო მეგობრული და მხიარული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

ახალი ინიციატივის განხორციელება მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ინიციატივას ჰოლივუდის ცნობილი სახეებიც გამოეხმაურნენ. ეშტონ კეჩერმა, რომლის მეუღლე მილა კუნისი მეორე შვილს ელოდება, წამოიწყო კამპანია, რომელიც კერძო დაწესებულებებსაც მოუწოდებს, მამაკაცის საპირფარეშოში ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდები დაამონტაჟონ.