შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი

შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 7 სექტემბერს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.50%-მდე შეამცირა. როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი.

როგორც სებ-ში განაცხადეს, პროგნოზის შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს.

მათივე განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესზე, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესაძლო რეალიზაციასა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაზე შოკების გადმოცემის სიდიდეზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება იმ სესხებზე პროცენტის კლებას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, 7 სექტემბერის გადაწყვეტილების შემდეგ, ”საზოგადოებისა და ბანკების” ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 17642 მომხმარებელს შეუმცირდა.