როგორ ირღვევა მესაკუთრის უფლებები საქართველოში

„სასამართლოში უამრავი ადამიანის სარჩელია შეტანილი, რომელიც თავის ქონებას უკან ვერ იბრუნებს“

ერთი წლის წინ ჩვენს ქვეყანაში საპოლიციო გამოსახლება გაუქმდა. ამ გადაწყვეტილებას მომხრეც ბევრი ჰყავდა და მოწინააღმდეგეც. მაშინ არაერთი ფინანსური ორგანიზაცია და ექსპერტი ამტკიცებდა, რომ ქართული სასამართლო ვერ შეძლებდა მესაკუთრის უფლებების დაცვას და საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ნეგატიურ შედეგს მოიტანდა. ადვოკატი გია დარჩია მიიჩნევს, რომ ეს შიში უსაფუძვლო არ ყოფილა.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ სასამართლოში ძალიან ბევრი დაუცველი მოქალაქის სარჩელია შეტანილი, რომელიც თავის საკუთრებას უკან ვეღარ იბრუნებს.

- ბოლო პერიოდში ჩვენთან საკუთრების უფლების დაცვის მხრივ სიტუაცია ძალზე გართულებულია: დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომელმაც თავის დროზე სოლიდური თანხა გაასესხა და ამ თანხის უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. დაგროვდა პრობლემები, რომელთა დროული გადაჭრა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაზარალდეს არაერთი მოქალაქე და არაერთი კრედიტორი. ყველამ იცის, რომ მსესხებელთა სასარგებლოდ სახელწიფომ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა, რამდენჯერმე გამოცხადდა მორატორიუმი, რაც გულისხმობდა იძულებით გამოსახლებების შეჩერებას, გაუქმდა პოლიციის ძალით გამოსახლება, რამაც მსესხებელთა უფლებები კიდევ უფრო გააძლიერა.

- თუმცა, პოლიციის ძალით გამოსახლება ნამდვილად არ იყო ჰუმანური მეთოდი და მისმა გაუქმებამ ბევრი გაახარა...

- კი მაგრამ, მსესხებელთა უფლებების დაცვაში ჩვენს საზოგადოებას დაავიწყდა, რომ კრედიტორებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, რომ ბევრმა მათგანმა თავისი დანაზოგი გაასესხა და ახლა ამ ფულს უკან ვეღარ იბრუნებს. პოლიციის დახმარებით მესაკუთრეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი საკუთრება მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში დაებრუნებინა. ახლა კი, რა ხდება? - მსგავსი საკითხების გადაწყვეტა გადაეცა სასამართლოს და კანონშიც გაიწერა, რომ ამ კატეგორიის დავებისთვის განხილვის ვადა უნდა იყოს ერთი თვე. მიუხედავად კანონით განმტკიცებული უფლებებისა, ბევრი მესაკუთრე დღემდე ვერ ახერხებს დაიბრუნოს თავისი ქონება და სურვილისამებრ განკარგოს.

- რატომ, ბატონო გია?

- ვინაიდან გაუქმდა საპოლიციო წესით გამოსახლების პროცედურა, ყველა დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს მიმართა, რასაც ისედაც გადატვირთული სასამართლოს კიდევ უფრო გადატვირთვა მოჰყვა. ამჟამად, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული ერთი თვისა, სასამართლო ყველაზე კარგ შემთხვევაში სხდომას ნიშნავს 8-9 თვის თავზე, საუბარია სხდომის ჩანიშვნაზე და არა განხილვის დასრულებაზე. საბოლოო ჯამში კი, მხოლოდ პირველ ინსტანციაში დავის განხილვას ერთი წელი მაინც სჭირდება. ასევე დიდ პრობლემას ქმნის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაჭიანურებული აღსრულების პროცედურები, ვინაიდან ამ უწყებასაც გადატვირთულ რეჟიმში უწევს მუშაობა. შესაბამისად, მესაკუთრეებს დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში უწევთ ლოდინი, რომ სიმართლის დამტკიცება შეძლონ. ეს პრობლემები აწუხებს არაერთ მოქალაქეს, რომელიც ამ ეტაპზე ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, რადგან თავისი ინტერესების დამცველად არავის მიიჩნევს არც საზოგადოებაში და არც ხელისუფლების უმაღლეს შტოებში. დღეს საქართველოში ერთგვარ ტენდენციად იქცა მხოლოდ ერთი მხარის ანუ მსესხებლის ინტერესების დაცვა, ცოტა ვინმე თუ ფიქრობს, რომ შეიძლება გამსესხებლის უფლებებიც დაირღვეს.

- ბევრია ასეთი ფაქტი?

- არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ვისაც სასამართლოსთან აქვს შეხება, კარგად იცის რამდენი კრედიტორის სარჩელია იქ შესული, მათი საქმეები ჯერ კიდევ არ განხილულა. ჩემი პრაქტიკიდან ორი მაგალითის მოყვანა შემიძლია: მოქალაქე ა.ბ.-ს 20 ათასი დოლარი აქვს გასესხებული, 2015 წლის ივლისის თვეში იგი მსესხებლის ბინის მესაკუთრე გახდა და მაშინვე მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოვალის გამოსახლების მოთხოვნით, თუმცა სრულიად უშედეგოდ. ამასობაში გამოსახლების პროცედურა გაუქმდა და ეს ადამიანი თავის ქონებას ვეღარ იბრუნებს. რა თქმა უნდა, მივმართეთ სასამართლოს, თუმცა მისი საქმე დღემდე არ არის განხილული. იგივე მდგომარეობაშია მეორე კლიენტი - ჯ.გ., რომელიც გასესხებულ ფულს - 25 ათას დოლარს უკან ვერ იბრუნებს და მის მიერ შეტანილ სარჩელზე ერთი სხდომაც კი არ არის ჩანიშნული. შესაბამისად, უცნობია ეს ორი საქმე საბოლოოდ როგორ გადაწყდება. ასეთი ფაქტების დასახელება კიდევ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, რომ კომპეტენტური ორგანოები ყურად იღებენ ამ საგანგაშო მესიჯს და მსესხებელთა უფლებების დაცვაში გამსესხებელთა კანონიერ ინტერესებს არ დაივიწყებენ. ამ ეტაპზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა, რასაც წესით გამსესხებლისა და მსესხებლის ინტერესების დაბალანსება უნდა მოჰყოლოდა, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

- როგორ ფიქრობთ, დაბალანსების ნაცვლად, რა შედეგი მივიღეთ?

- შედეგად მივიღეთ ერთი მხრივ, დაუცველი კრედიტორი, მესაკუთრე და მეორე მხრივ - მაქსიმალურად დაცული მსესხებელი. დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც გამოსახლების პროცედურის მიუხედავად, ბინაში ისევ მოვალე ცხოვრობს და წასვლას არსად აპირებს. როდესაც კანონიერი მესაკუთრე დახმარებისთვის პოლიციას მიმართავს, მას ისევ სასამართლოში აგზავნიან. არაკეთილსინდისიერმა მსესხებელმა იცის, რომ მის გამოსახლებას დიდი დრო დასჭირდება და უკანონო მეთოდებს მიმართავს. ამ პროცესმა შესაძლოა, უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს, თუ შესაბამისი ორგანოები დროულად არ მიაქცევენ ყურადღებას და ყველა მოქალაქის უფლებას თანაბრად არ დაიცავენ.

ხათუნა ჩიგოგიძე