დალომბარდება ყოველგვარი საბუთის გარეშე

ლომბარდები ტექნიკას ისევ საბუთის გარეშე იბარებენ. ეს კი მოზარდებს შორის დაპირისპირებისა და მობილური ტელეფონების გახშირებული ქურდობის მიზეზი ხდება. როგორც გაზეთი “რეზონანსი" წერს,  ხალხი ლომბარდების მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს. თავად საფინანსო დაწესებულებები კი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემით მათთვის არავის მიუმართავს და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ამოძრავებს მათი დისკრედიტაციის სურვილი.

"რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხალხის ნაამბობი, ლომბარდების არაკანონიერ მუშაობასთან დაკავშირებით. სიტუაციაში გასარკვევად გლდანში მდებარე იმ დაწესებულებას ვესტუმრეთ, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკას ყოველგვარი საბუთების გარეშე იბარებენ. ჩვენი შეთავაზების შემდეგ ლომბარდში მომუშავე მოლარე-ოპერატორმა ტელეფონის დატოვება მისი ყუთის გარეშე გადაწყვიტა. როდესაც ჩვენი ვინაობის შესახებ შეიტყო, ფაქტი უარყო და ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა.

მოსახლეობა ლომბარდების თავაშვებულობაზე საუბრობს და სისტემის მკაცრად გაკონტროლებას ითხოვს. ისინი იმ უწყებებს მიმართავენ, რომელთაც მსგავსი საფინანსო ორგანიზაციების რეგულაცია ევალება. ხათუნა ჩუბინიძე ერთ-ერთი დაზარალებულია. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, მის შვილს მობილური ტელეფონი უბნის ბიჭებმა გამოართვეს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს ლომბარდში.

"მე ვარ ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ლომბარდების უპასუხისმგებლობას შეეწირა. ვინ აძლევს იმის საშუალებას, რომ თავის ჭკუაზე მოიქცნენ, არ მესმის. ხანდახან მგონია, რომ სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ არიან და სწორედ ამის გამო ბედავენ უკანონო ნაბიჯის უშიშრად გადადგმას.

ჩემს შვილს უბანში, მასზე ასაკით გაცილებით დიდმა ბიჭებმა, მობილური წაართვეს. თავიდან შეეცადა ჩვენთვის ეს დაემალა, მაგრამ ასეთი რამის დამალვა არც ისე ადვილია. როდესაც სამსახურიდან ვურეკავდი და ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გათიშული ჰქონდა, საღამოს კი ტელეფონის გარეშე დამხვდა, გამოსავლის მოძებნა დაიწყო და მითხრა, რომ აპარატი სკოლაში დარჩა. ორი დღის შემდეგ გავარკვიეთ სიმართლე.

გლდანის ერთ-ერთ ლომბარდში, სადაც ჩვენი კუთვნილი ნივთი, ყოველგვარი საბუთის გარეშე ჰქონდათ დატოვებული, არც კი იკადრეს და პასუხი არ გაგვცეს იმის შესახებ, თუ რატომ ჩაიბარეს ნივთი ყუთის გარეშე. როდესაც დავემუქრე, პოლიციას ვაცნობებ თქვენი მსგავსი ქმედების შესახებ-მეთქი, ყოველგვარი ანგარიშსწორების გარეშე დამიბრუნეს კუთვნილი ნივთი", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ხათუნა ჩუბინიძე.

ცნობილია, რომ ლომბარდები არ რეგულირდება არცერთი სახელმწიფო უწყებებისგან, რაც მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსასწორებლად სპეციალური კანონის ამოქმედებას ასახელებს.

"ლომბარდების საქმიანობა საერთოდ არ კონტროლდება. ეს სფერო სრულიად მიშვებულია თავის ნებაზე და რასაც უნდა იმას აკეთებენ. იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონი ყუთის გარეშე დაიტოვეს, სავსებით შესაძლებელია, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მეპატრონემ ტელეფონი დაკარგულად გამოაცხადოს და პოლიციამ იპოვოს. ეს მარტივი კომბინაციაა და მაინც რატომ ბედავენ ამდენს, მიკვირს.

საერთოდ, სალომბარდე ბიზნესი ამოვარდნილია ყოველგვარი სივრციდან. ერთადერთი მარეგულირებელი არის სამოქალაქო კოდექსის ის ნაწილი, სადაც საუბარია მსესხებელსა და კრედიტორს შორის ურთიერთობაზე. სხვა არანაირი მექანიზიმი არ არსებობს. კანონი რომ აუცილებლად მისაღებია, ამას ლაპარაკი არ უნდა. ეს არის საკითხი, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლია ელიავამ.

ვინაობის გამხელა არ ისურვა ერთ-ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც "რეზონანსთან" მობილური ტელეფონის გამო, ქუჩურ გარჩევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ლომბარდების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა ტექნიკის უსაბუთოდ ჩაბარების თაობაზე, მოზარდებს (და არა მარტო მოზარდებს) შორის დაპირისპირების ახალი კერა გააჩინა.

"უბანში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, ნორმალური ტელეფონის ყიდვის სურვილიც არ მაქვს. იმიტომ კი არა, რომ მეშინია, უბრალოდ, თავს ვარიდებ კონფლიქტურ სიტუაციებს, რადგან ქუჩაში ყოფნა ხშირად მიწევს და თბილისის უბნებში რა სიტუაციაა, ყველამ ვიცით. ფულის გარეშე დარჩენილი ბიჭები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სასურველი თანხა ნებისმიერი გზით ჩაიგდონ ხელში, თუნდაც ის დანაშაული იყოს. თუ მათ არ დაეხმარე, "არაკაცობად" ითვლება.

მობილურ ტელეფონს და საერთოდ, ნებისმიერ ტექნიკას, ლომბარდში კარგა ხანია უყუთოდ იბარებენ. სწორედ ეს იძლევა საბაბს, რომ ვისაც ფული სასწრაფოდ სჭირდება, დანაშაულზე წავიდეს. არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს კუთვნილ ნივთს პირდაპირი მნიშვნელობით, ართმევენ. ამის გამო ისეთ დაპირისპირებამდე მიდის საქმე, რომ ხშირად საქმეში საპატრულო პოლიციაც კი ჩარეულა", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგი რ-მ.

მობილური ტელეფონის ქურდობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გახშირდა. დაზარალებულები დასახმარებლად საპატრულო პოლიციას მიმართავენ. თამთა მახარაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ტელეფონი მოჰპარეს. მას ეჭვი აქვს, რომ მისი ნივთი დალომბარდებულია.

"სწორედ ამის გამო გახშირდა ქურდობა, რომ ლომბარდები ასე თავაშვებულად იქცევიან. როგორც ვიცი, მათ არავინ აკონტროლებს და თავის ნებაზე მოქმედებენ. აუცილებელია მკაცრი რეგულაცია, რაც ძირფესვიანად შეცვლის სიტუაციას. 90-იანებში მგონია თავი, როდესაც განუკითხაობა იყო და ქვეყანას პატრონი არ ჰყავდა.

ძალიან დიდ როლს თამაშობს სახელმწიფო ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში და დარწმუნებული ვარ, ამ საქმის მოგვარებაც მარტივად შეუძლია. მხოლოდ მონდომებაა საჭირო. პირადად მე არჩევნებს იმის გამო ვუთმობ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ ირგვლივ მსგავსი არასასიამოვნო გარემო არ შეიქმნას", - აღნიშნა "რეზონანსთან" თამთა მახარაშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"