ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს

ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, შეამციროს წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულება რუსულ გაზზე გრძელვადიან პერსპექტივაში და არ დაუშვან რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის მშენებლობა.

„გაზსადენ Nord Stream 2-ის სიმძლავრის გაორმაგებას შესაძლოა, ჰქონდეს სერიოზული შედეგები ენერგეტიკული უსაფრთხოების, მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების სფეროებში, ის საფრთხეს უქმნის წევრ სახელმწიფოთა შორის არსებულ სოლიდარობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის რვა წევრმა სახელმწიფომ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერს წერილი გაუგზავნა და Nord Stream 2-ის მშენებლობის გეგმა გააპროტესტა. როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ამ გაზსადენით რუსეთი გერმანიაში გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებას შეძლებს.