ლევან კალანდაძე - წლის ბოლომდე ლარის კურსის გამყარების არა, მაგრამ სტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი მაქვს

ლარის კურსის გამყარების მოლოდინი წლის ბოლომდე არ მაქვს, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი ნამდვილად მაქვს , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ განაცხადა.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ლარი დღეისათვის ინარჩუნებს წონასწორობას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს, თუმცა მოსალოდნელი არ არის მისი გამყარება ან გაუფასურება. როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნა, ზამთრის სეზონი ლარის კურსთან მიმართებაში გარკვეულ რისკ ფაქტორებს ატარებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზამთრის სეზონი შეიძლება ორად გაიყოს.

”ლარის კურსთან დაკავშირებით გარკვეული რისკ ფაქტორია ზამთარი, თუმცა ზამთრის სეზონი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი არის ნოემბრის თვე, რომელიც ხასიათდება ლარზე გარკვეული რისკების გაძლიერებით. მხედველობაში მაქვს ის, რომ იმპორტიორები წინასაახალწლოდ თადარიგს იჭერენ სასაქონლო საკითხის თვალსაზრისით. შესაბამისად, არის რისკი, რომ იმპორტიორების რისკი დოლარზე გაიზარდოს. თუმცა, მეორე თემა დაკავშირებული არის დეკემბრის თვესთან. ამ თვეში პირიქით ხდება და მოთხოვნა იზრდება ლარზე. ის ციკლი, რომელიც ლარის ცხოვრებას ახასიათებს, გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა ნახტომისებური შოკის მქონე ცვლილებებს არ ველოდები. ლარი უბრალოდ ინარჩუნებს წონასწორობის კურსს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს. მოლოდინი რომ კურსი უცვლელი იყოს, არ უნდა გვქონდეს. გამყარების მოლოდინი წლის ბოლომდე არ მაქვს, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნების მოლოდინი მაქვს”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.