ჭიათურის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ჭიათურაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც სამინისტრო იუწყება, კომპანიის ხელმძღვანელმა მოსახლეობას ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომლის სამუშაოების დაწყებაც რამდენიმე თვეში იგეგმება.

”ჭიათურის მოსახლეობას წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სრულიად ახალი სათავე ნაგებობა, საქლორატორო სადგური, შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები”, - აცხადებენ სამინისტროში.

შეხვედრისას, კომპანიის ხელმძღვანელმა მოსახლეობას ის პროექტები გააცნო, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში ახორციელებს.

კობერიძემ ასევე კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.