გიორგი ბაჩიაშვილი - ჩვენ ვართ კიტრის ერთადერთი ექსპორტიორები საქართველოდან

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის საინვესტიციო პროექტი ,,პლანტა“ მასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურია , - ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს გარდაბანში ,,პლანტას“ სასათბურე მეურნეობა დაათვალიერებინა.

როგორც ბაჩიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიწყო.

,,დღეს უკვე გვაქვს 12 ჰექტარი მაღალტექნოლოგიური სათბურები, რომელიც განკუთვნილია კიტრისა და პომიდვრის კულტურებისთვის. წლიური მოსავალი გვექნება დაახლოებით, 6500-6600 ტონა. პროდუქცია ძირითადად ქართული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ ვართ კიტრის ერთადერთი ექსპორტიორები საქართველოდან. კიტრი ექსპორტზე გავიტანეთ რუსეთში. წელს პომიდორიც დაემატება. პროდუქტი არის მაღალი ხარისხის და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაფართოების პერსპექტივა გვაქვს, 35 ჰექტრი ტერიტორიით ვართ შემოფარგლულები და ყოველ წელს ვფიქრობთ ცოტ-ცოტას დამატებას, გააჩნია ბაზარი რამდენად კარგად მიიღებს ამ პროდუქციას”, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

,,თანაინვესტირების ფონდის“ ინფორმაციით, ,,პლანტას“ სათბურებში დასაქმებულია 146 ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა და 2016 წლის ბოლოს მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება.