სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ელექტრონათურების მიმწოდებლებს შეხვდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლებს შეხვდა. ეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან რიგით მე-13 შეხვედრაა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.

აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

კომპანია ”ჯითიჯის” წარმომადგენლის მიხეილ ხუბულურის თქმით, ძირითადად პრობლემებია ხარისხთან დაკავშირებით, არის შემთხვევები, როდესაც ტენდერში მოთხოვნილი ნათურა არ შეესაბამება თანამედროვე ხარისხს.

”პრობლემები არის ხარისხთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა ეს შეხვედრა, გვინდა გავეცნოთ თუ რამე სიახლეებია და ასევე ჩვენი მხრიდანაც წამოვიდეს შეთავაზებები მოწოდების ხარისხის დაცვასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მიხეილ ხუბულურმა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ განაცხადა შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხების 90%-ზე მეტი უკვე გადაწყვეტილია.

”ჩვენ წინა 12 შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა სფეროში მონაწილე ბიზნესმენებთან, მათ გამოთქვეს თავიანთი შენიშვნები მრავალ საკითხთან დაკავშირებით და 90%-ზე მეტი უკვე გადაწყვეტილია. მათ კიდევ ერთხელ დაუდგა სახელმწიფო გვერდში იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ხდება. დაახლოებით 20 დეკემბრისთვის, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრების თაობაზე გავაკეთებთ ერთ დიდ შემაჯამებელ შეხვედრას. დეკემბრის ბოლოს შეხვედრაზე ანგარიშის წარდგენა გვექნება ყველა იმ ბიზნესის წარმომადგენლების მიერ დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხეთ და მივიღეთ ორივე მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. ეს შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მინიმალური არ გახდება იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო შესყიდვებში”, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

როგორც ლევან რაზმაძემ განაცხადა, შემდეგი, მე-14 შეხვედრა 9 ნოემბერს ჩატარდება და მიწვეულები იქნებიან სასტუმროების მომსახურების სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები.

სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.