ნოდარ ხადური - მსოფლიო ბანკის კვლევა ადასტურებს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის ჯანსაღი

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მსოფლიო ბანკის კვლევა და ბიზნესის კეთების რეიტინგი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის ჯანსაღი და სწორი.

„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა და ბიზნესის კეთების რეიტინგი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის ჯანსაღი, სწორი, გააზრებული, თანმიმდევრული და ის პროგრესი, რომელიც უდავოდ სახეზეა, ადასტურებს იმას, რომ განვითარების აბსოლუტურად სწორი გზაა, ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა ვხდებით და ძალიან ბევრი კარგი პროცესის დასაწყისი იქნება. Doing Bussines-ის რეიტინგი არ არის მხოლოდ Doing Bussines-ის რეიტინგი. ამას მოჰყვება ძალიან ბევრი სხვა რეიტინგი, მათ შორის საკმაოდ სერიოზული პროგრესი, რაც კიდევ ერთელ ადასტურებს იმას, რომ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა "ბიზნესის წარმოება 2017: თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის - მაკედონიის და ლატვიის შემდეგ. საქართველო ასევე იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.