გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.

„გარდაბნის თბოსადგური 2“-ის პროექტს, ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, China Tianchen Engineering Corporation საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით განახორციელებს.  პროექტის ღირებულება 159 მილიონი დოლარია.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.

„გარდაბნის თბოსადგური 2“-ის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.

"ეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.  პრემიერის თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება პრიორიტეტულია, რადგან ზამთრის პერიოდში, მზარდი მოხმარების დაკმაყოფილება ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მხრიდან, შეუძლებელია.