ქვემო ქართლში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის ”პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და კონსულტანტი კომპანიის (HPC HARRESS PICKEL CONSULT AG) წარმომადგენლებთან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრაზე განხილული იყო ”ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის’’ პროექტის განვითარების საკითხები და მასთან დაკავშირებული დეტალები.

ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა. ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი).

პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მუნიციპალიტეტები, ასევე, აღიჭურვება აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.