მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - მომავალ წელს ისევ მოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწია

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქართველო მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ბიზნესის წარმოების რეიტინგში საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით გააუმჯობესეს , - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა განაცხადა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, რომელიც მსოფლიო ბანკის “Doing Business 2017”-ის კვლევას მიეძღვნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა.

რეიტინგის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის - მაკედონიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

გასული წლის განმავლობაში, საქართველომ ხუთი რეფორმა განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ელექტროენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, საერთაშორისო ვაჭრობა და გადასახადების გადახდა.

„საქართველო ევროპის ყველა ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა, რითაც ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა მერსი ტემბონმა. მან დაასახელა ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. კერძოდ, ქონების რეგისტრაცია, როდესაც გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით; აგრეთვე მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა - საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით. ასევე ვაჭრობა საზღვრებს შორის - ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა.

გადასახადების გადახდა - ამ სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა.

ელექტროენერგიით მომარაგება - გაუმჯობესდა ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ხანგრძლივობის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის. ასევე გაუმჯობესდა მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილი გათიშვის შესახებ.

„მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იყენებს ჩვენი ანგარიშის მონაცემებს. მათ შორის, ქვეყნების კერძო სექტორიც, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და აჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ვამაყობ ამ შედეგით. ვთხოვ მთავრობას, არ შეჩერდეს რეფორმების გზაზე.

„ეს წარმატება ნამდვილად აღსანიშნავია, მაგრამ პოზიტიური ტენდენციებს შენარჩუნება არის საჭირო, და ჩვენ მომავალ წელს ისევ მოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველომ მეტ პროგრესს მიაღწია“, - განაცხადა მერსი ტემბონმა.