რა ქონებას ფლობს უშიშროების საბჭოს მდივნის ახალი მოადგილე?

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ალექსი ბარბაქაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

ამ პოსტზე მისი წლიური შემოსავალი 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 54 200 ლარი იყო.

2016 წლის 23 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბარბაქაძის საკუთრებაშია უძრავი ქონება - თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე მდებარე 105 კვ. მეტრი ფართობის ბინა, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში 353 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი, ამავე მისამართზე მდებარე 1 505 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, თბილისში გოგოლაურის ქუჩაზე 14 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხი, ამავე მისამართზე მდებარე 25 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი და 102.64 და 47.58 კვ. მეტრი ფართობის სხვენები.

გარდა ამისა, მისი მეუღლის თინათინ იაშაღაშვილის საკუთრებაშია ტაბახმელაში მდებარე 270 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი და 1 791 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. ასევე სოფელ წავკისში მდებარე 1 000 და 500 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ალექსი ბარბაქაძე „ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის, მისი მეუღლე კი „ნისან ტიდას“ მსუბუქი ავტომობილის მფლობელია.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ბარბაქაძის სახელზე იყო „რესპუბლიკა ბანკის“ სახელფასო ანგარიში 28 879.18 ლარის და საკრედიტო 2 000 ლარის, ხოლო მეუღლის თინათინ იაშაღაშვილის სახელზე „თიბისი“ ბანკის სადებეტო ანგარიში 200 დოლარის ოდენობით.

2016 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, ალექსი ბარბაქაძის საკუთრებაში იყო ასევე 1 000 ლარი ნაღდი ფული.

რაც შეეხება მეუღლის შემოსავალს, თინათინ იაშაღაშვილის, როგორც შ.პ.ს TCS-ს პარტნიორის სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი 2015 წელს 141 951 ლარი იყო.

დეკლარაციის თანახმად, ბარბაქაძის სახელზეა ასევე ორი – 5 000 და 20 000 დოლარიანი სესხი, რომლის შედეგადაც გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისმა გასავალმა 4 212 დოლარი შეადგინა.