ციფრული დეტოქსიკაცია - ის, რაც აუცილებლად გჭირდებათ

თუ არ გახსოვთ, ბოლოს როდის მოწყდით ციფრულ სამყაროს, მაშინ ციფრული დეტოქსიკაცია თქვენთვის აუცილებელია.

ციფრული დეტოქსიკაცია საუკეთესო საშუალებაა, 21-ე საუკუნეში პროდუქტიულობისა და ბალანსის შესანარჩუნებლად.

სამყარო ადამიანისგან დღითიდღე მეტ ყურადღებას მოითხოვს. ენერგიის აღდგენა აუცილებელია, რომ შრომისუნარიანობის და ნაყოფიერების დაქვეითება არ მოხდეს. ციფრული დეტოქსიკაციის შემდეგ ადამიანი უფრო პროდუქტიული ხდება. ის კარგია ჯანმრთელობისა და ადამიანური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნითაც. ციფრული დეტოქსიკაციის დროს ადამიანი საკუთარ რიტმსა და დინებას მიყვება და არ ცდილობს, ციფრული სამყაროს ყველა ნაბიჯი გაიგოს. შედეგად კი აკეთებს იმას, რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია და არა იმას, რასაც ციფრული სამყარო კარნახობს.

დეტოქსიკაციის შემდეგ, სამუშაო მაგიდასთან დაბრუნებული ადამიანი უფრო მობილიზებულია და ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად მზად არის.

გთავაზობთ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ციფრული დეტოქსიკაცია ნაყოფიერი იყოს.

გააკეთეთ მოწყობილობების ჩამონათვალი, რომელსაც დღის განმავლობაში იყენებთ

ციფრული დეტოქსიკაციის დაწყებამდე ორი სია შექმენით. თქვენი მოწყობილობების ჩამონათვალი დაგანახებთ, რამდენად დამოკიდებული ხართ ტექნოლოგიებზე. მეორე სიაში კი ჩაწერეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გიყვართ, მაგრამ ამჟამად არ აკეთებთ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გააცნობიეროთ, რომ თუ თქვენ შეამცირებთ ტექნოლოგიებთან გატარებულ დროს, გაგიჩნდებათ რამდენიმე საათი, რომელსაც Facebook-ის შემოწმების ნაცვლად უფრო სასიამოვნოდ გაატარებთ.

დაუწესეთ საკუთარ თავს აკრძალვები

კონკრეტული, შეზღუდული დრო გამოყავით მოწყობილობებთან ურთიერთობისთვის. შედეგად მეტი დრო დაგრჩებათ „ნამდვილი სამყაროსთვის“ და თქვენს ცხოვრებაში ეკრანს მიღმა და რეალური სოციალური ინტერაქცია დაბალანსდება.

არ დასახოთ მიუღწეველი მიზანი

შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ ციფრული დეტოქსიკაცია არ უნდა დაიწყოთ მოწყობილობებთან სრული ჩამოშორებით. ტექნიკაზე დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად აუცილებელია, თავდაპირველად ხანმოკლე შეზღუდვები დაუწესოთ საკუთარ თავს. დაიწყეთ სადილის ან საყიდლებზე სიარულით და ამ პერიოდში უარი თქვით სმარტფონის ან ტაბლეტის გამოყენებაზე. აკრძალვის პერიოდები ნელ-ნელა გაახანგრძლივეთ. რიტუალური ჩვევები მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თითოეულ ჩვევას ცალ-ცალკე ებრძოლეთ

აირჩიეთ ერთი ტექნოლოგიური ჩვევა, რომელსაც ციფრული დეტოქსიკაციის დროს ებრძვით და მასთან გამკლავების შემდეგ გადადით მეორეზე. ეს შეიძლება იყოს ყველა მოწყობილობის გატანა საძინებელი ან სასადილო ოთახიდან ან ელექტრონული ფოსტის შემოწმება ყოველ ორ საათში ერთხელ.

თითოეულ საკითხზე ერთი კვირა მაინც იმუშავეთ და შემდეგ დაიწყეთ მეორე. ასე ეტაპობრივად გაუმკლავდებით დამოკიდებულებას და საკუთარ თავზე კონტროლს საბოლოოდ დაიბრუნებთ.

იძინეთ საკმარისად

ეცადეთ, მობილური მოწყობილობები ღამით საძინებელ ოთახში არ შეინახოთ. ეს დაგიცავთ, რომ ძილის წინ და გაღვიძებისთანავე ეკრანს არ მიეჯაჭვოთ. ხშირ შემთხვევაში ძილთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ ტექნოლოგიურ ადიქციასთან არის დაკავშირებული. დაძინებამდე ორი საათი ადრე გამორთეთ ყველა მოწყობილობა.

ეცადეთ სხვებს სათანადო ყურადღება დაუთმოთ

ყურადღების სრული კონცენტრაცია მოახდინეთ იმ ადამიანზე, ვისაც ეკონტაქტებით და ურთიერთობის დროს არ დაიწყოთ ტელეფონის შემოწმება ან მესიჯების წერა. თუ ასე იქცევით, თქვენ ძალიან არაეთიკური ხართ.

ყველას მოუყევით, რასაც აკეთებთ

რაც მეტ ადამიანს მოუყვებით თქვენი განზარახვისა და მიზნის შესახებ, მით მეტი გიგულშემატკივრებთ და თქვენც მიზნის მიღწევას უკეთესად ეცდებით. გახდით მისაბაძი მეგობრის ან ოჯახის წევრისთვის და ეს მეტ მოტივაციას გაგიჩენთ. ეცადეთ, სადილის დროს სმარტფონები გათიშოთ ან უხმო რეჟიმზე გადაიყვანოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა თქვენთან ერთად არიან ბავშვებიც, რომლებსაც ჩვევები უფროსების მიბაძვით უყალიბდებათ.

ნანა მღებრიშვილი