აზიის განვითარების ბანკი  მთავრობის რეფორმების განხორციელების ნაწილში დახმარებას განაგრძობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგს შეხვდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ADB-ის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცითი განვითარების ნაწილში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს პროფესიული განათლების მიმართულებით დახმარების შესაძლებლობა და ქართულ მხარეს დაუდასტურა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარს უჭერს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას მთავრობის რეფორმების განხორციელების ნაწილში, როგორიცაა კაპიტალის ბაზარი, საპენსიო რეფორმა, საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP) განვითარება და სხვა.

გენადი არველაძემ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მრავალი წლის მანძილზე ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელება.

”შეხვედრის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგოპროექტების დაფინანსების შესაძლებლობები წარმოადგენდა. ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარეს CAREC-ში გაწევრიანება მიულოცა და საქართველოსა და CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური დერეფნების განვითარების საკითხი განიხილა”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.