აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გალის მოსახლეობას ციტრუსის რუსეთში გატანას აიძულებს

კონფლიქტის ზონაში სეზონური მოსავლის აღება და რეალიზაცია ყოველ წელს პრობლემების ფონზე მიმდინარეობს. გალის რაიონის მოსახლეობის თქმით, წელს ციტრუსის მცირე, მაგრამ ხარისხიან მოსავალს ელოდებიან. თუმცა, მათივე თქმით, თხილის მოსავლის მსგავსად, ციტრუსის მოსავლის რეალიზაციაც რისკებთან არის დაკავშირებული.

"ყოველი ახალი კადრის მოყვანა გალის ხელმძღვანელობაში ჩვენზე უარყოფითად იასახება. ახალი ხელმძღვანელობა ახლა კანონებს ამკვიდრებს, ცდილობს, სიმკაცრე გამოიჩინოს, უფროსებს ასიამოვნოს და ამას ჩვენს ხარჯზე აკეთებს; ცდილობს, მოსავლის უმეტესი ნაწილი აფხაზეთსა და რუსეთში წავიღოთ, რაც ისევ და ისევ ძვირი გვიჯდება. თან წელს მცირე, მაგრამ კარგი ხარიხის მოსავალს ველოდებით, ეს ეხება როგორც მანდარინს, ასევე ლიმონსა და ფორთოხალს, ანუ ციტრუსის ყველაზე მოთხოვნად სახეობებს. კივის მოსავალიც საკმაოდ მცირეა, მაგრამ ძალიან ხარისხიანი და გვინდა, ზუგდიდის ბაზარში გადმოვიტანოთ. იქაურ გადამყიდველებზე მიყიდვა უფრო მომგებიანია, ვიდრე სოხუმში, ფსოუს საზღვარზე ან რუსეთის ქალაქებში წაღება", - ამბობს ჩვენთან საუბარში გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი.

ადგილობრივების თქმით, მოსავლის აღება ნოემბრიდან იწყება, მაგრამ რადგან ცუდი ზამთარია ნავარაუდევი, შეიძლება ორი კვირით ადრეც დაიწყონ, რომ არ მოყინოს და მოსავალი არ გააფუჭოს.

"იციან, რომ აფხაზეთის მანდარინი გამორჩეულია თავისი გემოთი და ძალიან უნდათ, მოსავლის დიდი ნაწილი ფსოუს საზღვრის გავლით რუსეთში გადაიტანონ. იქ, ხარჯების გათვალისწინებით, 1 კგ-ში 30-40 თეთრიც კი არ გამოგვდის, მაშინ როცა ზუგდიდში შეგვიძლია, წვალების გარეშე 50 თეთრად ჩავაბაროთ. აფხაზეთში მოყვანილ ციტრუსზე რუსეთის მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა და ყველანაირად ცდილობენ, იქ წაგვაღებინონ. შარშანდელის მერე, რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა რუსულ ბაზარზე ქართული ციტრუსის მოთხოვნა გაზარდა. ამიტომ, წელსაც შემოვლითი გზებით მოგვიწევს მოსავლის ენგურის ხიდზე გადაზიდვა, რომ ლუკმა-პურის გარეშე არ დავრჩეთ", - ამბობს სოფელ გაგიდას მცხოვრები ქალბატონი.

ლალი პაპასკირი