ჭოპორტის პომიდორს, ტყემალს, რაჭულ ლორსა და ლაგოდეხის საზამთროს შესაძლოა, გეოგრაფიული აღნიშვნა მიენიჭოს

რაჭულ ლორს, ხარაგაულის სოკო ნიყვს, ლაგოდეხის საზამთროს, ჭოპორტის პომიდორსა და ტყემალს შესაძლოა, გეოგრაფიული აღნიშვნა მიენიჭოს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქპატენტი ავრცელებს.

პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების სიაში ჯამში 130-მდე პროდუქტია - მათ შორის, კოლხური თხილი, ლაგოდეხის საზამთრო, კოლხური დაფნა, ხელვაჩაურის მანდარინი, ტაბაწყურის სტაფილო, მარნეულის საადრეო კარტოფილი და ა.შ.

გეოგრაფიული აღნიშვნა გეოგრაფიული არეალის სახელია, რომელიც ისეთი პროდუქტის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი (ხშირად უნიკალური) გარემო პირობებითაა (ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი) განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5-ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს.

ამასთან, გეოგრაფიული აღნიშვნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში, კერძოდ, მათი გამოყენება ხელს უწყობს შესაბამის რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების საგრძნობ ზრდას; ამცირებს რეგიონებიდან სამუშაო ძალის გადინებას და პირიქით, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებას; ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.

ამჟამად, საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 40-ზე მეტი რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

მათ შორის ჭაჭა, ჩურჩხელა, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, მეგრული სულგუნი, სულგუნი, სვანური სულგუნი, დამბალხაჭო, მაჭახელას თაფლი, ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის მთის ჩაი და ა.შ.

პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოფენა-დეგუსტაცია საქართველოში საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ბრენდინგის სტრატეგიები“ გაიმართება, რომელიც დღეს გაიხსნა.

კონფერენციის მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე.

კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ორი დღე გაგრძელდება, გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „OriGin“ და „OriGin საქართველოს“ შორის სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალიც გაიმართება.

შეთანხმება ბრენდინგის, მარკეტინგის, მენეჯმენტის საკითხებში და საერთაშორისო კონტაქტების მოძიებაში ფერმერებისა და მეწარმეების დახმარებას ითვალისწინებს.