საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ქალაქ მეშჰედის დელეგაცია სტუმრობს. საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დელეგაცია 16 კომპანიის წარმომადგენლისგან შედგება, რომელთა შორის არიან კომპანიები: - SABKE BARTAR GROUP, SANE MASHHAD, NAVID NO, GOL PARK KHORASAN, GOL&GEYAHE MONTAKHAB, ANJOMANE KHISH FARMAYE KHALAGH და სხვა.

დელეგაციის წევრები წარმოადგენენ ირანის ბიზნესის ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ნავთობროდუქტები.

”დღეს, საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ირანელ ბიზნესმენთა დელეგაცია, რომელთათვისაც საქართველოში ძირითად ინტერესის სფეროებს წარმოადგენს ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, საკვები პროდუქტები და ა.შ. შეხვედრის მიზანია ირანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო-საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა. მათი მიზანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და ბიზნეს პროექტებში მონაწილეობა”, - აცხადებენ საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართელოში ირანის საელჩოს ეკონომიკის ატაშე ალი შაფაყი, საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის წევრები: რაჰიმ აბაჩი, ეჰსან აქბარლუ, მოჰამად ჰოსეინზად ფანაჰი, ასევე ქართული კომპანიების კაპიტალ მენეჯმენტი, კალანდა, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლები და საქართველოში მოღვაწე სხვა ქართველი და ირანელი ბიზნესმენები.

შეხვედრა სასტუმრო ”ტიფლის პალასში“ გაიმართება.