დოლარის კურსი მსოფლიო ვალუტებთან იზრდება

დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში იზრდება.

დღეის მონაცემებით, ევროს კურსი აშშ-ის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1,0909-დან 1,0901-მდე შემცირდა. დოლარის ინდექსმა 0,06%-იანი ზრდა (98,68 პუნქტამდე) დააფიქსირა.

დოლარის კურსი გაიზარდა იაპონურ იენთან მიმართებაშიც, რაც უკავშირდება ინვესტორების მოლოდინს იაპონიის ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, მომავალ კვირას დაგეგმილ სხდომაზე, იაპონიის ბანკი მონეტარული პოლიტიკის სტიმულირების შენარჩუნების შესახებ განაცხადებს. დღეის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 104,47 იენიდან 104,49 იენამდე გაიზარდა.

ამჟამად იაპონიის ბანკის საპროცენტო განაკვეთი კვლავ უარყოფით მაჩვენებელს, - 0,1%-ს შეადგენს. სააგენტო „ბლუმბერგთან“ საუბარში ანალიტიკოსები მოსაზრებას გამოთქვამენ, რომ რეგულატორი მონეტარულ-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად პარამეტრებს შეინარჩუნებს.

„ჩვენი მოლოდინით, იაპონიის ბანკი მომავალ კვირას მონეტარულ პოლიტიკას არ შეცვლის“, - აცხადებს ანალიტიკოსი ხუნ გოჰ.

ინვესტორები ასევე ელოდებიან აშშ-ში უმუშევრებისთვის გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მისაღებად შეტანილი პირველადი განაცხადების შესახებ მონაცემებს, რომელიც დღეს საღამოს გამოქვეყნდება. ანალიტიკოსების ინფორმაციით, 22 ოქტომბრისთვის ეს მაჩვენებელი 5 000-ით შემცირდა წინა კვირის ინდიკატორთან შედარებით და 255 ათასი შეადგინა.