დიდუბის რაიონში, 9 თვის მონაცემებით, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება 100 %-ით შესრულდა

დიდუბის რაიონში, 9 თვის მონაცემებით, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება 100%-ით შესრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებისათვის 285 სხვადასხვა სახის პროექტზე 2 548 034 ლარი დაიხარჯა. 75 ობიექტზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა. 12 მისამართზე განახლდა საერთო სარგებლობის კიბე.

მერიის ცნობით, 23 მისამართზე, ასევე, შეიცვალა მოძველებული წყალსაწრეტი მილები. 35 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები. მეტალის კარის, სენსორული სანათებისა და დომოფონის მონტაჟი დასრულდა 31 მისამართზე. შშმ პირთათვის გაკეთდა პანდუსი. 22 მისამართზე კი, მსხვილბლოკოვან კორპუსებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდა. 21 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა შიდა წყალ-კანალიზაცია, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა. 48 ამორტიზებული ლიფტი სრულად განახლდა. გამაგრდა 8 საცხოვრებლი სახლი, ხოლო შენობის გამაგრებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა 7 მისამართისთვის.

„თბილისის მთავრობის ინიციატივით, თანადაფინანსებული პროექტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, თანადაფინანსებული პროექტების პროცენტულმა მონაწილეობამ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაიკლო. აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.