ექსპერტთა ვარაუდით, ლარის კურსის ცვლილება ექსპორტის შემცირებამ და არჩევნებზე გაწეულმა ხარჯებმა განაპირობა

ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4080 ლარია.

ექსპერტები „ბიზნესპრესნიუსთან“ შექმნილი მდგომარეობის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ.

როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ეკონომიკურმა ექსპერტმა ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს - ის მსხვილი ტრანზაქცია, რაც „თიბისი“ ბანკმა "რესპუბლიკა ბანკის" ყიდვისას განახორციელა და არჩევნები, რომელიც ფულს ხარჯვის ერთ-ერთი პერიოდია.

„იმისათვის, რომ არჩევნების პირველ ტურამდე ეს გაუფასურება მოქალაქეებს არ შეემჩნიათ, მთავრობამ 180 მილიონი დოლარი გაყიდა. ანუ ხელოვნურად შეუშალა ხელი ლარის უცბად გაუფასურებას, რადგან ეს პოლიტიკურ შედეგზე იმოქმედებდა. მთავრობას ხელოვნურად რომ არ შეეშალა ხელი, შეიძლება დოლარის კურსი ახლა უფრო მაღალი ყოფილიყო. დღეს კი პოლიტიკური საჭიროება აღარაა და ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს აღარ ყიდის. შესაბამისად, ლარმა ის პროცესი გააგრძელა, რაც მანამდე იყო დაწყებული“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, არსებულ სისტემაში ლარის კურსის მუდმივ ცვალებადობას უნდა ველოდოთ, რაც ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს.

მეგრელიშვილი გამოსავალს მყარ ვალუტაზე გადასვლაში ხედავს და აღნიშნავს, რომ ლარი უფრო მყარი (ევრო, დოლარი) ვალუტით უნდა ჩავანაცვლოთ.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორის ვახტანგ ლეჟავას შეფასებით კი, სანამ ეკონომიკაში არსებული სტრუქტურული და მაკროეკონომიკური პრობლემების აღიარება არ მოხდება, მანამდე ლარს არაფერი ეშველება.

„სანამ არ ხდება პრობლემის აღიარება და ვამბობთ, რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგადაა, გვექნება ის სურათი, რაც გვაქვს. დღეს ლარის გაუფასურების ორი დიდი მიზეზი შეიძლება ვთქვათ - რეალური ინვესტიციების ნაკლებობა და ექსპორტის შემცირება.

სამომავლო პორგნოზს რაც შეეხება, თუ ეკონომიკაში მდგომარეობა გაუარესდება, ეს ლარზეც აისახება. გააჩნია, როგორი ბოლო კვარტალი გვექნება ეკონომიკაში,“ - ამბობს ლეჟავა.