ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში მოყვანილი ჩაის დეგუსტაცია გამართეს

საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით, Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, ჩინურმა კომპანიებმა, საქართველოში ჩინელი სპეციალისტების მიერ მოყვანილი ჩაის დაგემოვნების ცერემონია გამართეს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, კომპანიის წარმომადგენლებმა მიწვეულ სტუმრებს ჩაის კულტურის დეტალები და ტრადიციები გააცნეს და დასაგემოვნებლად საქართველოში მოწეული პროდუქცია შესთავაზეს.

ღონისძიებას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი პირების, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლების გარდა, ასევე ესწრებოდნენ ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი და აბრეშუმის გზის განვითარების ფონდის დირექტორი.

„საქართველოს ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გააჩნია, რაც მას მსოფლიოს ბაზრებზე დამკვიდრების კარგ შესაძლებლობას ანიჭებს. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის მრეწველობის აღდგენას, შავი ზღვის სხვადასხვა რეგიონებში ჩაის პლანტაციის გაშენებას, ჩაის გადამუშავების ტექნოლოგიის დახვეწას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლებას, რეგიონებში დასაქმებას, ჩაის დარგვისა და მოვლის უნარების კულტურის ამაღლებას და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას,“- განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ღონისძიების მიზანი იყო საპარტნიორო ფონდსა და Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd შორის, მაისის თვეში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტის განხორციელება. საქართველოში ჩაის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საქართველოში ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.

”Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd ჩინეთის მსხვილი კომპანიაა, რომელიც ძირითადად სპეციალიზირებულია სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებაში. კომპანიას ანგჰუისა და სიჩუანში ჩაის წარმოების ინდუსტრიული ბაზა და სოფლის მეურნეობის განვითარების საწარმოები აქვს.

Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd კი ჩინური მრავალპროფილიანი კომპანიაა, რომელიც ძირითადად ფლობს საბითუმო სავაჭრო ცენტრებს, ასევე დაკავებულია საგარეო ვაჭრობით, სასოფლო სამეურნეო, მეცხოველეობისა და სამრეწველო საწარმოების განვითარებით. ამჟამად ის წარმოადგენს ყველაზე დიდ ჩინურ საინვესტიციო კომპანიას საქართველოში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.