კრწანისში ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომი 5 037 000 ლარად იყიდება

პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრო თბილისში, გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი 17 313 კვ. მეტრია. აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასი 5 037 000 ლარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უძრავ ქონებაზე არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი მოაწყოს, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავდა, ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა მოაწყონ.

სასტუმრო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, პროექტის ფარგლებში აქტიურ ტურისტულ ზონებში არსებული 50 სახელმწიფო ქონება შეირჩა. მათ შორის, რუსთავში, ყვარელში, სიღნაღში, მარნეულში, აბასთუმანში და ა.შ.