ამერიკაში განათლებამიღებული სამხედრო პირის ღორების ფერმა

ჩვენს ქვეყანაში ღორის ჭირის გავრცელების შემდეგ, ჩვენი რესპონდენტის, თამაზ ნარიმანიძის თქმით, ბოლო ორ ათეულ წელიწადში საქართველოში 1 მილიონი სული ღორიდან 90% დაეცა. ბატონმა თამაზმა ამ საქმეს რისკიან გარემოში მოჰკიდა ხელი და გამოუვიდა.

სამხედრო საქმის პროფესიონალი, რომელსაც განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, წარმატების საფუძვლად დაუღალავ შრომასა და ხარჯების ზედმიწევნით გათვლებს მიიჩნევს. ეს საქმე სოფელ სამგორში დაიწყო. 2011 წელს ერთი კერატი და ორი ნეზვი იყიდა. დღეს მისი ოჯახი ღორების მოშენებით დიდ შემოსავალს იღებს.

- ცხოვრების აქტიურ პერიოდშიც რომ იყოს კაცი, მომავალზე აუცილებლად უნდა იფიქროს. ხელფასი ადამიანს ყველა ასაკში­ ვერ ექნება. შეიძლება სამსახური წამში დაკარგო, ამიტომ გულზე ხელდაკრეფილი არ უნდა დაჯდე. მე გარემოებათა გამო საკუთარი განცხადებით წამოვედი სამსახურიდან და ამან დამაყენა რეალობის წინაშე,­ რით მერჩინა ოჯახი...

ვიყიდე კერატი ორ ნეზვთან ერთად და სამგორში დავაბინავე მამაჩემის პატარა­ ბოსელში. იქვე ცხოვრობს ჩემი ძმა ზურაბი, რომლის მხარში ამოდგომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ღორების მოშენება, ყველას მოეხსენება, რა საფრთხილო საქმეა.

- მაგრამ თქვენ ეს მოახერხეთ. ახლა თბილისის გარშემო მუნიციპალიტეტებში ყველა ფერმერი გიცნობთ. ამბობენ, რომ თქვენ საქმეს გრანტების გარეშე აკეთებთ. სხვათა შორის, ეს სხვებს საქმის წამოწყების იმედს აძლევს.

- როცა ადამიანს თან საკუთარი ხელი და თავი ახლავს, საქმის კეთება რატომ უნდა უჭირდეს! თუმცა ჩვენში მშრომელი კაცი იჩაგრება - მცირე ბიზნესისგან მიღებული­ შემოსავლით მხოლოდ პურის ფულის შოვნა შეიძლება და არა ფერმის გაკეთება, რაც მარტო ერთ ოჯახს კი არა, ქვეყანასაც­ არგებდა. სახელმწიფო შეღავათიანი კრედიტის აღებას გამუდმებით ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის, ამიტომ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანის შრომა და მისი შედეგი არავის აინტერესებს­ და ისევ საკუთარ თავზე ვართ ჩამოკიდებული.

ასე რომ, როცა პირველად ღორების ხორცი კლიენტებმა დამიწუნეს, ძალიან მსუქანია და ხალხი არ იყიდისო, იმედი არ დამიკარგავს - გადავწყვიტე, ღორის ისეთი ჯიში მომეშენებინა, რომელსაც ნაკლები­ ქონი და ბევრი ნამატი ეყოლებოდა. ბოლოს, მეგობრების დახმარებით მივაგენი ზუსტად იმას, რასაც ვეძებდი. ვიყიდე 6 ნეზვი და 1 კერატი. რვა თვის დაუღალავი შრომის შემდეგ პირველი ნამატი მივიღე. ექვსი დედა ღორის პირველივე მაკეობიდან დაახლოებით 70 გოჭამდე გავზარდე. ასე რომ, ახალი საგოჭის აშენება დამჭირდა და ისევ ჩემი ძმა დამეხმარა - მინიმალური დანახარჯით ამიშენა 80 გოჭზე. უკვე 11 დედა ღორისგან ოთხ თვეში დაახლოებით 100-120 ნამატს ვიღებ. მომავალში მინდა იორკშირი უკრაინიდან ჩამოყვანილ დიუროკის ღორებთან შევაჯვარო. გოჭებს უკვე შესაჯვარებლად ვზრდი.

- საინტერესოა, როგორ ახერხებთ ღორების­ ისე დაცვას, რომ არ დაავადდნენ?

- იმ საშიში ჭირისგან, რომელმაც ღორების ფერმებიც კი გაანადგურა, არც ჩემი ღორებია დაცული. გამოცდილი ვეტერინარი მყავს კონსულტანტად, რომელმაც მითხრა, ამ დაავადებისგან ვერც შენი ღორები გადარჩებიან, თუ ფერმაში შეაღწიაო. ამიტომ, რაც შემიძლია, ვიცავ დაავადებებისგან აცრით. გარდა ამისა, ფერმაში იმ ფეხსაცმლით, რომლითაც სხვაგან დადიხარ, არ უნდა შეხვიდე. დაავადებები ღორებში ფეხსაცმლითაც გადადის. გარდა ამისა, რასაკვირველია, დეზინფექციას ვატარებ.

- რით კვებავთ?

- მხოლოდ ქართული მარცვლეულით, მათ შორის, ქერით. და რაც მთავარია, ღორების კვება ბევრად იაფი მიჯდება, ვიდრე სხვას, იმიტომ, რომ მხოლოდ მასალას­ ვყიდულობ და ფერმაშივე ვფქვავ - ერთმანეთში ვურევ სპეციალური დანადგარით, რომელიც გავიჭირვე და ვიყიდე, რათა ჩემს პროდუქციას ბევრად ნაკლები ღირებულება ჰქონოდა, ვიდრე სხვებისას, რომლებიც პირუტყვს მზა საკვებით კვებავენ.

ახლა ფერმის გაფართოებას ვგეგმავ, რომლისთვისაც­ ეს დანადგარი მცირე იქნება, ამიტომაც, ალბათ, ისევ გავიჭირვებ და გაცილებით მაღალი ტექნოლოგიის დანადგარს ვიყიდი.

- სხვა ჯიშის გამრავლებასაც აპირებთ?

- აუცილებლად უნდა შემოვიყვანო­ უკრაინული წითური ჯიშის ღორი, რომ­ელიც გამძლეც არის, დიდიც იზრდება და ნამატსაც ბევრს იძლევა. მინახავს უკრაინული ღორი, რომელმაც 16 გოჭი გამოზ­არდა, თანაც ორჯერადი კვებით, - ჯერ რვას კვებავდა და მერე კიდევ რვას.

- ღორის გამოზრდა, როგორც ბევრმა ჩვენმა მეწარმემ, ინტერნეტით ისწავლეთ?

- სხვათა შორის, ბურებთან ვმუშაობ თარჯიმნად, შესანიშნავი ფერმერები არიან, მაგრამ ამ საქმეში მათგან გამოცდილება ნამდვილად არ შემიძენია. ყველაფერი ჩემი ინტერესით და ძმის დახმარებით ვისწავლე. თუ მოინდომებ, ყველაფერს გააკეთებ, ოღონდაც შემართება უნდა გქონდეს.

- შემართებაზე გამახსენდა... არაფერმერული­ კითხვა უნდა დაგისვათ. გავიგე, რომ ამერიკელ ინსტრუქტორებს ქართველი ჯარისკაცების, რომლებიც შემდეგ ავღანეთში მსახურობენ, გაწვრთნაში­ ეხმარებით, თარჯიმნად მსახურობთ.

- დიახ, ასეა. ადამიანს ყოველთვის აქვს იმის რესურსი, რომ ერთმანეთისაგან განსხვავებული რამდენიმე საქმე აკეთოს. მთავარია, შრომა უყვარდეს და საქმე იმ ადამიანებთან ერთად აკეთოს, რომელთაც ენდობა. საბედნიეროდ, მე ჩემი ძმა მიდგას მხარში.

- და რაც მთავარია, ნებისმიერ საქმეში გამუდმებით უნდა იძენდეს ახალ-ახალ ცოდნას.

- რა თქმა უნდა. ჩვენი ქვეყნის მეურნეობის სისუსტის ნიშანი ის არის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნაში მრავალწლიანი ჩავარდნა გვაქვს და არც გვაინტერესებს, როგორ ამოვავსოთ. ამას წინათ ჩინეთში მიმავლინა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა. საოცარი ტექნოლოგიები ვნახე, - მზის სათბურები, რომლებიც მზის ენერგიით მუშაობენ და გათბობაზე თანხები არ ეხარჯებათ. ძალასა და ღონეს არ დავიშურებ, რომ მსგავსი ჩემს ქვეყანაშიც გავაკეთო. შორს უნდა გავიხედოთ და ქვეყნის მომავალზე ვიფიქროთ.

როცა უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილ უხარისხო ხორცს ჩალის ფასად აჩეჩებ მოსახლეობას, ადგილობრივ ფერმერებს შრომას წყალში უყრი და ხალხს კი ჯანმრთელობას ურყევ, ეს არა მარტო ფერმერისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვისაც წამგებიანი და მავნებელია.

ამ დროს კი ჩვენ შეგვიძლია ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ ქართულ ბაზარს.

ეთერ ერაძე

წყარო „კვირის პალიტრა"