სამორინეების სექტორი საქართველოში სწრაფად იზრდება

საქართველოში სათამაშო სექტორი გართობის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია.

Colliers International Georgia-ს გართობის ინდუსტრიის კვლევის თანახმად, სათამაშო ობიექტების ბრუნვამ 2015 წლისთვის 2,246 მილიონ ლარს (989 მილიონი დოლარი) მიაღწია, 10%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელთან და 70%-ით მეტი - 2013 წელთან შედარებით.

”საქართველო თამამად შეიძლება მივიჩნიოთ მეზობელი ქვეყნებისთვის აზარტული თამაშების ჰაბად, თუ გავითვალისწინებთ მოსაზღვრე ქვეყნებში ამ ბაზარზე არსებულ აკრძალვებს და მძიმე შეზღუდვებს. სათამაშო სეგმენტის დარეგულირების შემდეგ სამორინეების სექტორი საქართველოში სწრაფად იზრდება და მოთამაშეებს იზიდავს ახლო აღმოსავლეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. სამორინეთა უმეტესი ნაწილი თბილისსა და ბათუმშია თავმოყრილი”, - ნათქვამია „კოლიერსის“ კვლევაში.

გართობის ინდუსტრიის კვლევის მიხედვით, კინოს სექტორმა 2015 წელს მკვეთრი აღმასვლა განიცადა.

”სექტორის საერთო ბრუნვა 2015 წელს 20.7 მლნ ლარი (9.1 მილიონი დოლარი) იყო, ხოლო 2014 წელს 17.9 მლნ ლარი (7.8 მილიონი დოლარი). დღესდღეობით საქართველოში თბილისი ერთადერთი ქალაქია, სადაც ეს სექტორი კარგად არის განვითარებული”, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით კაფე-ბარებს, რესტორნებისა და სასადილოების ბრუნვა 2009 წლის შემდეგ სწრაფად იზრდება და 2015 წელს 571 მილიონი ლარი (331 მილიონი დოლარი) შეადგინა.

"კოლიერსის” ცნობით, საქართველოში კაფე-ბარებისა და რესტორნების რაოდენობით თბილისი და ბათუმი დომინირებს. ქვეყნის სხვა ქალაქებში კვების ობიექტები შედარებით მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე