გიორგი ჩოგოვაძე - ირანიდან ვიზიტორების ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს უვიზო რეჟიმი წარმოადგენს

ირანიდან საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ირანიდან საქართველოს 120,182 ვიზიტორი ეწვია.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 513%-ით მეტია. რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეს იგივე მაჩვენებელმა 28,926 შეადგინა, რაც +571,9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოლო თვეების მონაცემებით, საქართველოში შემოსული მოგზაურების რაოდენობის მიხედვით, ირანი მეექვსე ქვეყანაა ტოპ 15 ქვეყანას შორის და მისი წილი ჯამურ რაოდენობაში ზრდას განაგრძობს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, ირანიდან ვიზიტორების ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს ვიზალიბერალიზაცია წარმოადგეს.

„ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირველივე დღეს 15 თებერვალს ჩვენ ირანის ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური მოვაწყვეთ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აწარმოა ეფექტური კამპანია, საქართველოში მოიწვია ირანელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები, ამ ფაქტმა და ტურიზმის ადმინისტრაციის შემდგომმა ნაბიჯებმა, ასევე პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ირანიდან ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ გაცნობითი ტურების ორგანიზებას ირანიდან.

2016 წლის თებერვლიდან ირანთან უვიზო მიმოსვლის დაბრუნების შემდგომ შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, თითქმის უტოლდება ბოლო სამი წლის განმავლობაში შემოსულ ჯამურ რაოდენობას. 6 თვეში ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ პერიოდში საქართველოს ირანიდან 75 000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.