რომან გოცირიძე - მთავრობის ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად უნდა შეიცვალოს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკა და ეროვნული ბანკის შეცდომები კვლავინდებურად რჩება მაკროეკონომიკური არასტაბილურობის წყაროდ.

როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, ლარი კვლავ არასტაბილურია და არსებობს მისი შემდგომი გაუფასურების რისკი, თუ მთავრობის ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა რადიკალურად არ შეიცვალა.

„საბიუჯეტო შემოსავლებში არის სერიოზული დანაკლისი. გარდა საგადასახადო შემოსავლებისა, არ სრულდება არცერთი გეგმა, როგორც შემოსავლების, ასევე დეფიციტის დაფინანსების წყაროების მიხედვით. დონორები თავს იკავებენ ბიუჯეტში უკვე დამტკიცებული თანხების დროულად გადმორიცხვაზე, რადგან მთავრობა არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ის ფაქტი, რომ შესაძლოა აღნიშნული თანხები დეკემბრის ბოლოს ჩაირიცხოს და ფორმალურად აღდგეს წონასწორობა შემოსავალ-გასავალს შორის, სრულადაც არ ნიშნავს იმას, რომ შუალედურ პერიოდში შექმნილი ვითარება არ ახდენდეს გავლენას მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.

მთავრობა არსებულ გარღვევას ფარავს ერთის მხრივ, ძველი ნაშთებიდან თანხების ხარჯვით, რომელიც დღეისათვის 270 მილიონ ლარს შეადგენს და მეორეს მხრივ, საშინაო ვალის მოცულობის უკანონო ზრდით. მთავრობა არღვევს კანონს ბიუჯეტის შესახებ, სადაც სახაზინო ვალდებულებების განთავსების გზით ნებადართულია შიდა ვალის ზრდა 200 მილიონი ლარის ოდენობით. დღეისათვის მან 290 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 90 მილიონი ლარით მეტია დაგეგმილზე.

გარდა ამისა, არარაციონალურია ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა, სადაც დიდია ბიუროკრატიული და სხვა უსარგებლო ხარჯების ხვედრითი წილი. ამიტომ, ბიუჯეტი გახდა მონეტარული და ფისკალური არასტაბილურობის ერთ-ერთ წყარო, რაც ლარის გაუფასურებაში და ფასების ზრდაში აისახა.

ლარის უკანასკნელი პერიოდის გაუფასურება, მიუხედავად ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული დიდძალი ინტერვენციებისა ( 180 მილიონი დოლარი), სუსტი ეკონომიკური ზრდის, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ზედმეტი ჩარევისა და ფისკალურ და მონეტარულ სფეროში დაშვებული შეცდომების შედეგია. ეროვნული ბანკისა და მთავრობის მხრიდან ამის გადაბრალება ერთ-ერთ მსხვილ გარიგებაზე, საფუძველსმოკლებულია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები დაახლოებით სამჯერ აღემატება ხსენებული ტრანსაქციის უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ საჭირო უცხოური ვალუტის მოცულობას”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ასევე, არსებობს სერიოზული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები ემსახურებოდა წინასაარჩევნოდ ლარის გაცვლის კურსის ფიქსაციას მმართველი ხელისუფლების სასარგებლოდ.

”არჩევნების შემდეგ ინტერვენციებზე უარის თქმა, რასაც ლარის გაუფასურება მოჰყვა, ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს. ლარის შემდგომი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მიმდინარე და მომავალი, 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, ხარჯების ოპტიმიზაცია და ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინვესტიციების მოზიდვა და სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის პირობების შექმნა“, - აღნიშნა გოცირიძემ.