პრემიერი დამწყებ ბიზნესმენებს - თქვენ ხართ დიდი ეკონომიკის საუკეთესო ნაწილი

„სტარტაპ მეგობრული“ იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და დიდი ბიზნესისთვის ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი პროექტის „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „სტარტაპ ჯორჯია“ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე პერსპექტიული და ოპტიმისტური პროდუქტია.

„სტარტაპ ჯორჯიაც“ თავისთავად ჩვენი მთავრობის სტარტაპია, რომელსაც გაცილებით დიდი უკუგება გააჩნია, ვინაიდან იგი ტრანსფორმირდება ახალგაზრდების აზროვნების ახალი, გაცილებით დინამიკური, მომავალზე ორიენტირებული ბრენდის ჩამოყალიბებაში და ეს არის ამ პროგრამის ყველაზე დიდი შედეგი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვყავს ამდენი გამარჯვებული ახალგაზრდა „სტარტაპ ჯორჯიას“ პირველ ტურში, როდესაც თქვენ გაიმარჯვეთ კონკურენტულ, გამჭვირვალე კონკურსში, სადაც მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი სტარტაპის ექსპერტები, არამედ ვენჩურ კაპიტალისტები, წამყვანი კომპანიების გენერალური დირექტორები სილიკონ ველიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დიდი რამ დავიწყეთ - სრულიად ახალი ფაზა, ახალი ეტაპი ქართული ეკონომიკის განვითარების. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან, წარმოადგენენ ქართული ეკონომიკის ყველაზე დინამიკურ და სწრაფად მზარდ ნაწილს. ვერც ერთი მსხვილი ბიზნესი ვერ გაიზრდება იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც შეიძლება გაიზარდოს ასეთი ინოვაციური კომპანია. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს ამ მიმართულებით აზროვნება. ეს არის „სტარტაპ ჯორჯიას“ ყველაზე დიდი უკუგება, როგორც პროექტისა, რომლის შემდეგი ფაზის - „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაციას ვმართავთ. „სტარტაპ მეგობრული“ გულისხმობს ახალ სტარტაპებსა და მსხვილ, დამკვიდრებულ კომპანიებს, წარმატებულ ბიზნესებს შორის ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას. ეს ფორმატი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კომუნიკაცია ახალ ტექნოლოგიებთან და დიდ კაპიტალთან. ამიტომ, ეს ფორმატი, რომელიც დღეს იქმნება, სწორედაც არის ის ხიდი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, ჰქონდეთ გასასვლელი ჭიშკარი დიდი ბიზნესის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს თვითონ იყვნენ ასეთი დამწყები ბიზნესმენები, დღეს გამოიჩინეს კეთილი ნება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა ახსენა მამუკა ხაზარაძე, რომელმაც 500 დოლარით დააფუძნა „თი ბი სი ბანკი“ და აღნიშნა, რომ „ასეთი მაგალითებით იქმნება ქვეყნის ეკონომიკა“.

„ასეთი მაგალითების ენთუზიაზმი არის ის, რასაც ქვეყანა წინ მიჰყავს. „სტარტაპ მეგობრული“ იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს დიდი ბიზნესისთვის სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი არის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს მოგცემთ საშუალებას, გახდეთ დიდი ეკონომიკის ნაწილი. თქვენ ხართ დიდი ეკონომიკის საუკეთესო ნაწილი. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახლავთ ის, რომ მსხვილმა ბანკებმა სტარტაპებს არ შეხედონ, როგორც გერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ბანკირი ვარ და ვიცი ბანკებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ამიტომ ჩვენ, როგორც სტარტაპ ეკონომიკას გვჭირდება სხვანაირი მიდგომები, მსხვილი კომპანიების მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება ასეთი დამწყები, ინოვაციურად მოაზროვნე ბიზნესმენებისადმი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომელიც ყველა თქვენგანს გაცილებით მეტი ენთუზიაზმით აღავსებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.