დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში 2- 3 წელიწადში  ყველა  დასახლებულ  პუნქტში ინტერნეტი  იქნება

საქართველოში ორ-სამ წელიწადში არ იქნება დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტ ”სტარტაპ მეგობრულის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ის პროექტები და პროგრამები მიმოიხილა, რომლებიც ქვეყნაში ხელისუფლებამ ინოვაციების, დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა. მისივე თქმით, ”სტარტაპ მეგობრული” ეს არის პროგრამა, იდეა, რაც იყო ძირითადი ნაწილი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის. ქუმსიშვილის თქმით, დამწყები ბიზნესის, ინოვატორების ხელშესაწყობად პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ხედვა.

”სწორედ ეს არის დაფიქსირებული ოთხქუნტიან გეგმაში და ამ გეგმის ამოსავალი წერტილი არის მეწარმეობის განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უკვე შედეგები”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, უკვე განხორციელდა პროექტ ”სტარტაპ საქართველოს” პირველი ეტაპი, გამოვლენილია გამარჯვებულები და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ქუმსიშვილის თქმით, გარდა ამისა, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პროგრამას ”ჰორიზონტ 2020”-ს, რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა 24 მილიარდ ევროიან ფონდთან, რომლებიც ინოვატორებს აფინანსებს.

გარდა ამისა, ქუმსიშვილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინტერნეტიზაციის პროექტზე.

”ჩვენ ქვეყანაში ორ-სამ წელიწადში არ იქნება დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. ჩვენი სამინისტროს ძირითადი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ მივიტანოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ინტერნეტთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ინოვაციების ხელშეწყობის კუთხით განხორციელდა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.