"ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა ნაწილს დახმარება კომუნალური ვაუჩერის გამო მოუხსნა"

ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა ნაწილს დახმარება მხოლოდ იმის გამო მოუხსნა, რომ მათ მერია კომუნალური გადასახადებისთვის ვაუჩერს აძლევს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

„ცინიკური და აგდებული დამოკიდებულებაა, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანებს საარსებო მინიმუმს ართმევს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თბილისის მერია კომუნალურ გადასახადებს უხდის ვაუჩერის სახით. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია ახლა, რადგან მერია კვლავ დაიწყებს ვაუჩერების გაცემას და შესაძლოა, უამრავი სოციალურად დაუცველი დადგეს დახმარების მოხსნის რისკის ქვეშ. მეორე საკითხია თვითონ კომუნალური ვაუჩერის ოდენობა, რომელსაც დღითი დღე ამცირებს თბილისის მერია და ყოველწლიურად უფრო მეტი თანხის დაზოგვას ცდილობს ამ მიმართულებით. თბილისის მერია ამ დრომდე სოციალურად დაუცველებს ყოველთვიურად, პირად ანგარიშზე 106 ლარს ურიცხავდა კომუნალური გადასახადებისთვის. შესაძლოა, მათ ამ რაოდენობის ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადასახდელი, მაგრამ ამ თანხის მოხმარება სხვა საჭიროებისთვის შეეძლოთ. ახლა კი თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს პირად ანგარიშზე თანხა აღარ გადასცეს და პირდაპირ ჩაურიცხავს კომუნალური გადასახადების ორგანიზაციებს იმ ოდენობის თანხას, რა ოდენობითაც ამ ადამიანებმა მოიხმარეს კომუნალური საშუალებები“, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, ამ სქემით, მერია დაზოგავს მილიონობით ლარს და როგორც ჩანს, იმ დეფიციტის შესავსებად გამოიყენებს, რომელიც წინასაარჩევნოდ თანხების უაზრო ხარჯვამ შექმნა თბილისის ბიუჯეტში.