ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ერთობლივ ბიზნესპროექტებს დაიწყებენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ის მთავარი პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი მრავალი წელია ახორციელებენ.

შეხვედრაზე განხილული იყო ასევე ის საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ საკითხებს და ამ მიმართულებით აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

„აზერბაიჯანული ინვესტიციები, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ძალიან მოცულობითია და შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების თვალსაზრისით, პირველ ადგილს იკავებს. შეხვედრაზე განხილული იყო ენერგეტიკის საკითხები - მოგეხსენებათ, „სოკარი“ აზერბაიჯანული კომპანიაა, რომელიც საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს საქართველოში და ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც და მომავალი წლის განმავლობაში, მაქსიმალური ენერგია ჩავდოთ ამ მიმართულებით. უახლოეს მომავალში, ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ერთობლივ ბიზნესპროექტებს დაიწყებენ, რათა ორივე ქვეყნის ეკონომიკა უფრო პროგრესირებადი იყოს“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.