საქართველოში თურქეთის საელჩო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ხელნაკეთი ბომბის აფეთქების აღკვეთის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

თურქეთის საელჩო საქართველოში ვერ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღიკვეთა.

როგორც დიპლომატიურ უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს და იქვე აღნიშნეს, რომ თურქული მხარის ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.

ხელნაკეთი ბომბის აღმოჩენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში. როგორც კონსულის თანაშემწემ, ლილი დევრიშოღლუმ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს არის ცრუ, არაფერზე დაფუძნებული ინფორმაცია“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურა პატარაძე, აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას კი აცხადებს, რომ ის იმყოფებოდა თურქეთში, შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო და მას არ გაუგია ბომბის აღმოჩენის შესახებ. ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ მას არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია არც თურქეთის დიპლომატიური კორპუსისგან.

ცოტა ხნის წინ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ. ამავე ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იპოვეს და მის ამოქმედებას ერთ-ერთი მგზავრი აპირებდა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.