„OriGin“ და „OriGin-საქართველოს“ შორის სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმდა

საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული „OriGin -საქართველო“, გლობალური ალიანსის „OriGin“-ის მონაწილე გახდა და საქმიანობას მისი ლოგოთი გააგრძელებს.

საქპატენტის ინფორმაციით, „OriGin“ -ი არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე და მისი დახმარებით „OriGin საქართველო“ საქართველოში მოქმედ მეწარმეებს დახმარება პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენაში და მათი მახასიათებლების დადგენაში შემდგომი რეგისტრაციის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათივე ინფორმაციით, თანამშრომლობა ითვალისწინებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენებში და ბაზრობებში მონაწილეობაზე.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული არეალის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღსანიშნად, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ არის განპირობებული ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი (ხშირად უნიკალური) გარემო პირობებით (ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი). გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5 ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს და სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით. გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში, კერძოდ მათი გამოყენება: შესაბამის რეგიონებში ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების საგრძნობ ზრდას, ამცირებს რეგიონებიდან სამუშაო ძალის გადინებას და პირიქით, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებას, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად. ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 40-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართულ ექსპორტზე გადის.