"საქართველო იმ უიშვიათესი ქვეყნების რიცხვშია, სადაც აბრეშუმის უძველესი ნიმუშებია შემონახული"

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ ძიენ ჭუნგი მიიღო. დავით საგანელიძემ ფონდში ასევე მიიღო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი ლი ჭუნგხანგი, აბრეშუმის გზის განვითარების ბანკის დირექტორი თიენ სიკ დევიდი და აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.

როგორც  საპარტნიორო ფონდიდან იუწყებიან, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა დიდ ინტერესს გამოთქვამს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის შესახებ და მზადაა მონაწილეობა მიიღოს პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გამყარებასა და „აბრეშუმის გზისა“ და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ სტრატეგიული პროექტების განვითარებას.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე დავით საგანელიძემ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს ჩაის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი და ჩინეთში ღვინის ექსპორტის კონცეფცია წარუდგინა.

”შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, აბრეშუმის წარმოებისა და რეაბილიტაციის პროექტს. ასევე, საქართველოს უპირატესობას ამ მიმართულებით. საქართველო იმ უიშვიათესი ქვეყნების რიცხვშია, სადაც აბრეშუმის უძველესი ნიმუშებია შემონახული”, - განმარტავენ ფონდში.

მათივე ინფორმაციით, ფონდში გამართულ შეხვერდაზე აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ლუ ძიენ ჭუნგმა საპარტნიორო ფონდს აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ელექტრონული პლატფორმის შექმნა შესათავაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული განსაკუთრებული პროდუქტის პოპულარიზაცია.

”შეხვედრაზე ჩინეთის დელეგაციის მხრიდან გამოითქვა ინიციატივა გუანჭოუს აბრეშუმის გზის კომერციულ საგამოფენო ცენტრში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური სტრუქტურების გვერდით საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ”, - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.

მათივე ინფორმაციით, ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და პროექტების დაფინანსებისა და ინვესტიციების მოძიების სხვადასხვა მოდელებზე ისაუბრეს.