2016 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან ინვესტიციების ოდენობა 30%-ით გაიზარდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის მხარეთა საექსპორტო შესაძლებლობები, ამ მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურება და ხელშეწყობა.

შაჰინ მუსტაფაევი აზერბაიჯანის პირველი ოფიციალური პირია, რომელიც ვიზიტით საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეწვია. მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროების დონეზე ორმხრივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება და შეისწავლის მხარეთა საექსპორტო პოტენციალს, ასევე შეიმუშავებს წინადადებებს სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზნით. ორმხრივი ვაჭრობის გარდა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და შაჰინ მუსტაფაევმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთელი სპექტრი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკების მდგომარეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ.

”აღინიშნა, რომ 2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით აზერბაიჯანი საქართველოს უმთავრესი ინვესტორია. 2016 წლის იანვარ-ივნისში ინვესტიციების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა, 282,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 34%-იანი წილით კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა აზერბაიჯანული ინვესტიციის ზრდას საქართველოს ეკონომიკაში და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება”, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტრანზიტის სფეროში. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან ძალისხმევას ე.წ. კასპიის სატრანზიტო კორიდორის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს გაივლის. აღინიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, ტვირთბრუნვა აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით გაიზრდება.

მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, ვიზიტორების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 11%-ით და 1 170 301 ვიზიტორი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, ვიზიტორების შემოსვლების მიხედვით, საქართველოს ძირითად ათეულში, აზერბაიჯანი I ადგილზე იმყოფება 24%-იანი წილით.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მიიწვია.