ბოლნისური „ყველის ქოხი“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს

ბოლნისური ყველი - „ყველის ქოხი“ ერთ წელიწადში ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“საწარმოს მენეჯერი, ნინო მეგრელიშვილი ესაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ წარმოების ზრდაზეც ფიქრობენ.

ამ დროისათვის საწარმო, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში მდებარეობს, მხოლოდ სულგუნს, იმერულ და შებოლილ ყველს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე, დიდ სავაჭრო ქსელებში (გუდვილი, სმარტი და ა.შ) ხდება.

„სამომავლოდ წარმოების გაზრდასა და უფრო ფართო ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ. უახლოეს პერიოდში ზოგადად რძის პროდუქტების (მაწონი, ნადუღი, კარაქი, ხაჭო და ა.შ.) გამოშვებასაც დავიწყებთ. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კი საექსპორტო ბაზარზე გასვლაც გვინდა,“-აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მისივე ცნობით, საწარმოში, რომლის წარმადობა დღეში 5 ტონამდეა, 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

საწარმო რძეს ძირითადად, დმანისისა და მარნეულში მცხოვრები ფერმერებისგან იბარებს. ამ ეტაპზე, ერთ ლიტრ რძეს საწარმო 1 ლარად ყიდულობს, თუმცა ზამთარში ფასი შესაძლოა 1.20 -1.30 ლარამდე გაიზარდოს.

საწარმო რატევანში 2012 წლიდან მოქმედებს და ამ ხნის განმავლობაში ინვესტიციის სახით, დაახლოებით 500 ათასი ლარი განახორციელა.

ყველის საწარმო ბოლნისში ერთ-ერთია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-ის მიერ „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში მედიისა და 12-მდე ქვეყნის (მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, სომხეთი, ესტონეთი, ბელორუსი და ა.შ.) წარმომადგენელმა დაათვალიერა.

ტურის მონაწილეებმა 24-25 ოქტომბერს ორ რეგიონში - კახეთსა და ქვემო ქართლში მდებარე ადგილობრივი საწარმოები მოინახულეს, შეხვდნენ მცირე მეწარმეებს და ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს.