გიორგი ჩოგოვაძე - ისეთი ბაზრები ავითვისეთ, რომლებიც აქამდე ტურიზმის კუთხით არ გამოირჩეოდა

2015-2016 წლებში გვაქვს წარმატებული მაგალითები იმისა, თუ როგორ ავითვისეთ ისეთი ბაზრები, რომლებიც აქამდე საქართველოში ტურიზმის კუთხით არ გამოირჩეოდა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ჩემი კითხვა“ განაცხადა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წლის დასაწყისში მოხდა 10 წლიანი ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც 2025 წლამდე განსაზღვრავს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და მასში გაწერილია ახალი ბაზრების აღმოჩენისა და განვითარების მიმართულება.

„2015-2016 წლებში გვაქვს წარმატებული მაგალითები იმისა, თუ როგორ ავითვისეთ ისეთი ბაზრები, რომლებიც აქამდე საქართველოში ტურიზმის კუთხით არ გამოირჩეოდა, მაგალითად, ჩვენთან ძალიან მოიმატა სტუმრებმა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, როდესაც ისინი საერთოდ არ ფიგურირებდნენ საქართველოში ტურისტული შემოსვლების მხრივ. ეს რეგიონი საქართველოსთან ძალიან კარგად არის დაკავშირებული ავიამიმოსვლის კუთხით“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება ევროპასა და ამერიკას, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებით არის წინსვლა.

„როდესაც ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ მეტი იქნება მოგზაურობა როგორც საქართველოდან, ასევე საქართველოში. ჩვენი ქვეყანა უფრო ცნობილი და ახლო გახდება ევროპული ქვეყნებისთვის, ამიტომ ევროპა რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ გავხდით ამერიკის ტურისტული სააგენტოების ყველაზე დიდი ასოციაციის წევრი.