10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 4.65% შეადგინა

10:00 საათისთვის 50-ვე საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 115 302-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4.65%-ია.

ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი 37-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩეველთა 9% გამოცხადდა.

გარდა ამისა, 44-ე, ახალციხე-ადიგენის საოლქო - საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე 6.5% ამომრჩეველი დაფიქსირდა, ბაღდათისა და ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 51-ე ოლქში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების 6.7 %-მა. მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზეც, 60-ე ოლქში, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 6.6.%-მა, ასევე სენაკში, 63-ე ოლქში, სადაც არჩევნებზე მივიდა ამომრჩევლების 6.3%.

ამასთან, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ყველაზე ნაკლები ამომრჩეველი მთაწმინდის, ვაკისა და გორის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 3% შეადგინა.