ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს

18 ნოემბერი ის უკიდურესი ვადაა, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოსცეს.

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა იღებს.

რაც შეეხება ახალარჩეული პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ნათქვამია, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ იმართება - არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან, 20 დღის განმავლობაში.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს პრეზიდენტი ნიშნავს. ასევე პრეზიდენტი ხსნის ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას.

პარლამენტი პირველივე სხდომაზე აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერებს, ასევე დააკომპლექტებს კომიტეტებს და აირჩევს მათ თავმჯდომარეებს. 

წინასწარი მონაცემებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის ნაწილდება. საკონსტიტუციო უმრავლესობის შევსებას კი 113 დეპუტატი ესაჭიროება.