მსოფლიოში სიდიდით მეორე გვირაბი საქართველოში "შუახევჰესისთვის" აშენდა

მსოფლიოში ჰიდროელექტროსადგურებისთვის აშენებულ გვირაბებს შორის, "შუახევიჰესის" გვირაბი სიდიდით მეორეა. მსოფლიოში ყველაზე დიდი გვირაბი ისლანდიაში აშენდა 39.7 კმ, სიდიდით მეორე გვირაბი - საქართველოში 37.4 კმ (Shuakhevi HPP),  ხოლო 34.4 კმ სიგრძის გვირაბი კი ნორვეგიაში (Evanger Hybroprower Plant).

საქართველოში დღემდე აშენებულ გვირაბებს შორის, ყველაზე დიდი გვირაბი "ენგურჰესისთვის" აშენდა 15.3 კმ, რომელსაც "შუახევჰესისთვის" აშენებული გვირაბის სიგრძე ბევრად აღემატება.

"შუახევიჰესის" გვირაბების გაყვანა ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით განხორციელდა. ვიბრაციის მზომავი სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, ყოველდღიურ რეჟიმში მოწმდებოდა ვიბრაციის სიმძლავრე. "შუახევის" პროექტის ფარგლებში, აშენდა სამი ძირითადი გვირაბი: მიმყვანი გვირაბი ჩირუხისწყლიდან სხალთამდე (სხალთის ელექტროსადგურის ელექტრო მომმარაგებელი), გადამყვანი გვირაბი სხალთიდან დიდაჭარამდე და მთავარი მიმყვანი გვირაბი ("შუახევის" ელექტროსადგურის ელექტრო მომმარაგებელი).

"შუახევიჰესის" გვირაბის მშენებლობა დასრულდა, ხოლო კაშხლების ძალური კვანძის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. ჰესის ოპერირება 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ "შუახევიჰესის" პროექტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარეული პროექტია მსოფლიოში, რომელიც უახლესი ტექნოლოგიით და მშენებლობის მაღალი ხარისხით, რეკორდულ დროში განხორციელდა.

"შუახევის" მშენებლობის დასრულების შემდეგ, საქართველოში 187 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში სრულად მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ხოლო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში ჭარბია, ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის მიმართულებით განხორციელდება.

"შუახევიჰესის" პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატის ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. "შუახევიჰესი" 450 მილიონ კვტ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით უზრუნველყოფს.

"შუახევიჰესის" პროექტს "აჭარისწყალი ჯორჯია" ახორციელებს. კომპანია თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით, ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ჯამურად 730 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. "შუახევიჰესის" ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, უცხოელი და ქართველი პროფესიონალები ჰესის ოპერირებას ერთობლივად განახორციელებენ.

წყარო „ბანკები და ფინანსები"